თეგი: პერსონალური მონაცემები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების კანდიდატურები ცნობილია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს. მთავრობის მეთაური საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს. „კანდიდატები საკონკურსო კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, თითოეულთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეარჩია. კომისიის წევრებმა იმ კონკურსანტებს მოუსმინეს, რომლებმაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, შესაბამისი ვადების დაცვით წარადგინეს. ინდივიდუალური გასაუბრებები ჯამში 15-მდე კანდიდატთან ჩატარდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა. საკონკურსო კომისიების თავმჯდომარეა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, რომელიც კომისიის წევრებმა, პირველ სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს. საკონკურსო კომისიების შემადგენლობაში არიან: • მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; • ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; • გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; • ბაკურ აბულაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; • გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემთხვევაში, აღნიშნულ შემადგენლობას ააიპ - „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი ემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 4 თვის ანგარიში გამოაქვეყნა

"საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა 152 განცხადება/შეტყობინება მიიღო. მათგან - 73 (48%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო დაწესებულებებში, 40 (26%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 39 (26%) — სამართალდამცავ ორგანოებში", - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 4 თვის ანგარიში გამოაქვეყნა, აღნიშნულ ანგარიშში სტატისტიკური მონაცემები 2022 წლის 1 მარტიდან - ივნისის ჩათვლითაა წარმოდგენილი. „სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების 38 შემოწმება (ინსპექტირება). მათგან 32% (12) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 68% (26) — არაგეგმურად. გამოვლინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 36 ფაქტი. სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 56% (20) შეეხებოდა კერძო სექტორში, 33% (12) — საჯარო სექტორში, ხოლო 11% (4) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას. გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 18 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 15 პირს — გაფრთხილება. სამსახურმა გასცა 1084 კონსულტაცია, 49 დავალება და რეკომენდაცია; სამსახურმა ჩაატარა 13 საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი 490 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდნენ როგორც მონაცემთა სუბიექტებს, ისე მონაცემთა დამმუშავებლებს. სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 53 შემთხვევაში გამოიყენა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იხილეთ ანგარიში ბმულზე.  

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ სიუჟეტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, შესწავლა დაიწყო. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „იმედის დღის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე „ფეისბუქის“ მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან. ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო“, - წერია განცხადებაში.  

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ კანონში ცვლილებები შევიდა

79 ხმით, პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო პაკეტის რედაქციულ ცვლილებებზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების უკვე არსებულ საფუძვლებს, ახალი საფუძველი დაემატება. კერძოდ, შესაძლებელი იქნება წვევამდელის ან/და რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება, რაც სამხედრო ვალდებულებისგან ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისთვის იქნება გამოყენებული.